აუდიტი: 2018-2019 წლებში ქედის მერიამ გარეგანათების მოსაწყობად 11 ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარეგანათება არასრულყოფილადაა მოწყობილი

353

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული,  2018-2019 წლებში ქედის მერიამ გარეგანათების მოსაწყობად 11 ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარეგანათება არასრულყოფილადაა მოწყობილი.

“ქედის მერიის მიერ, 2018-2019 წლებში, გარეგანათების გაფართოებისა და განათების მოწყობის სამუშაოებისათვის გაფორმებულია 11 ხელშეკრულება.  მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების აქტის ფორმა N2-ის და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიმწოდებლებზე გადახდილია, ჯამში, 667,081 ლარი.

სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების პირობებით, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ეტაპზე მიმწოდებელს ასევე უნდა წარმოედგინა ფარული სამუშაოს აქტები და მასალების ხარისხის სერტიფიკატი. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სულ შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში, ფარული სამუშაოები შეადგენს 63,758 ლარს, საიდანაც 42,263 ლარის ღირებულების სამუშაოებზე არ არის წარმოდგენილი ფარული სამუშაოს აქტები, ამასთანავე, გამოყენებულ მასალებზე არასრულადაა წარმოდგენილი სერტიფიკატები”, – ნათქვამია აუდიტის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის პერიოდში, მერიის წარმომადგენლების მონაწილეობით, შერჩევით გადამოწმდა შესრულებაში ნაჩვენები სამუშაოების ფაქტობრივი მდგომარეობა.

“შედეგად დადგინდა, რომ შესრულებაში ნაჩვენებია 45,895 გრძ. მ საჰაერო სიპ. კაბელის მონტაჟი და გადახდილია 83,331 ლარი, თუმცა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სამუშაოები არ შესრულებულა. კერძოდ, 8,341 გრძ. მ საჰაერო სიპ. კაბელი, ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 2,16მმ კვეთისა, დამონტაჟებულია ნაკლები, 2.1 მმ კვეთის, თუმცა მერიის მიერ გადახდილია მიმწოდებელზე ხელშეკრულების სრული ღირებულება, 13,774 ლარი”, – წერია ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარეგანათების მოწყობის სამუშაოები არასრულყოფილად არის შესრულებული. კერძოდ, ფარული სამუშაოს აქტების წარმოდგენის გარეშე მიმწოდებლებზე გადახდილია 42,263 ლარი, ხოლო
დათვალიერებით დადგინდა, რომ მინიმუმ 8,341 გრძ.მ 13,774 ლარის ღირებულების საჰაერო კაბელი პროექტთან შეუსაბამოდ არის დამონტაჟებული. აღნიშნული გარემოებები საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაზე მიუთითებს და წარმოშობს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არამართლზომიერი ქმედების რისკებს.

აუდიტის რეკომენდაციით, მერიამ უნდა დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რაც დროულად და სრულად გამოავლენს სატენდერო პირობებთან შეუსაბამოდ შესრულებულ სამუშაოებს და უზრუნველყოფს მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ განახორციელოს მიმწოდებლებზე დაუსაბუთებლად გადახდილი თანხის იდენტიფიცირება და ბიუჯეტის ანგარიშზე ჩარიცხვა, ხოლო შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები.