აუდიტის სამსახური: ხარვეზით შესრულებული სამუშაოებისთვის ქედის მუნიციპალიტეტმა 456 030 ლარი დახარჯა

372

ქედის მუნიციპალიტეტში არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების პირობებში, ბიუჯეტიდან გადახდილია სრული სახელშეკრულებო ღირებულება – 456 030 ლარი, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს და წარმოშობს არამართლზომიერი ქმედების რისკებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს, რომელმაც ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მერიის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმღები კომისიის მიერ მიღება- ჩაბარების აქტებით არ არის შეფასებული შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან და ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობა.

„ფარული სამუშაოს აქტების წარმოდგენის გარეშე ანაზღაურებულია 1 305 016 ლარი. მუნიციპალიტეტში არსებულმა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ხარვეზით შესრულებული სამუშაოების გამოვლენა და აღმოფხვრა. შედეგად, არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების პირობებში, ბიუჯეტიდან გადახდილია სრული სახელშეკრულებო ღირებულება – 456 030 ლარი, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს და წარმოშობს არამართლზომიერი ქმედების რისკებს“, – წერია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები არასრულყოფილად არის შესრულებული, რაშიც მიმწოდებელზე გადახდილია ჯამში, 56 037 ლარი.

„მერიის მიერ არათანაბარი კონკურენციის პირობებში, პრეტენდენტები შეირჩევა არაერთგვაროვანი მიდგომით. შედეგად, გამარჯვებულად გამოვლინდა მაღალი ფასის წარმომდგენი და შესაბამისი გამოცდილების არმქონე პრეტენდენტები. აღნიშნული გარემოება სახელმწიფო შესყიდვის კონკრეტულ პრეტენდენტზე მისადაგების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს. მერიის მიერ რიგ შემთხვევებში საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდებისათვის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა გარემოებათა დეტალური ანალიზის გარეშე, არასწორად განისაზღვრა სამუშაოების სავარაუდო ღირებულება, მიღებულია ხარვეზით შედგენილი პროექტი, რის შედეგად დადგენილ დროში ვერ დასრულდა სამუშაოები, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის მიმწოდებელს პირგასამტეხლო არ დაეკისრა. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზად იყო, სამუშაოების შესყიდვა არ განხორციელებულა და არც პრიორიტეტის დოკუმენტებით არის დაგეგმილი“, – წერია სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დოკუმენტით ირკვევა, რომ ქედის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გასცა 100 800 ლარი.