ბათუმის ბულვარში ცათამბჯენის მშენებლობის გასაპროტესტებლად შაბათს, 23 იანვარს, აქცია დაიგეგმა.
აქცია “ფეისბუქით” დაიგეგმა.
“ძველი ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია! შაბათს, 23 იანვარს, ბათუმის ბულვარში კოლონადებთან ვაპროტესტებთ ჩვენი საყვარელი ზღვისპირა პარკის ჩაბეტონებას!
ბათუმი ბულვარის გულში, ცენტრალურ შადრევნებთან, „ამბასადორმა“ მავალსართულიანი შენობის ჩადგმა განიზრახა.
აჭარის მთავრობამ, 21 იანვარს, პროექტს თანხმობა მისცა. ცათამბჯენის მშენებლობა ბულვარში ბალნეოლოგიური საავადმყოფოს შენობის ნაცლად სურს ე.წ. ინვესტორს, რომელმაც წლების წინ ეს შენობა უკანონოდ დაანგრია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კი, მაშინ, “ამბასადორს“ სამსართულიანი შენობის აგებაზე თანხმობა მისცა. კომპანიამ, ძველი ბულვარის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, თვითნებურად ჩაასხა ღრმა საძირკველი და ცათამბჯენის ჩადგმა განიზრახა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ, მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმელებს დაჰპირდა, რომ “ამბასადორი ” ბულვარში ცათამბჯენს ვერ ააშენებდა, პირობა დაირღვა. ერთი წლის თავზე, თორნიკე რიჟვაძის დაქვემდებარებაში არსებულმა საბჭომ, ბულვარში ცათამბჯენის პროექტი მოიწონა.
ბათუმელები კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შეჩერდეს ისტორიული ბულვარის ნგრევა და ჩაბეტონება. 23 იანვარს, 13:00 საათზე ვიკრიბებით ბათუმის ბულვარში კოლონადებთან!”- წერია ფეისბუქში.