ზუგდიდის სოფლის სკოლებისთვის ავტობუსებით მომსახურების შესყიდვა არ მომხდარა, რის გამოც შესაძლოა, სოფლებში სწავლა დისტანციურად განახლებულიყო.
განათლების სამინისტროში “ლაივპრესს” უთხრეს, რომ სოფლის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება და მოსწავლეების გადაყვანას ავტობუსებით, ის კომპანიები შეასრულებენ დროებით, ვინც აქამდე აკეთებდა.
“ხელშეკრულებები გავაგრძელეთ იმ კომპანიებთან, ვისაც ბავშვები აქამდე გადაჰყავდა. ამიტომ 18 იანვარს, სწავლა სოფლის სკოლებში საკლასო ოთახებში გაგრძელდება”, – განაცხადეს სამინისტროში.
მანამდე, განათლების რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლელმა მამუკა ბულიამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ სასკოლო ავტობუსებით მომსახურებაზე ტენდერი შესყიდვების სააგენტოს არ გამოუცხადებია, რის გამოც, ბავშვები სასკოლო ავტობუსების გარეშე დარჩნენ. ამიტომაც სოფლის სკოლებში სასწავლო პროცესის მეორე სემესტრი შესაძლოა დისტანციურად გაგრძელდეს.
უცნობია, რა მიზეზით არ გამოცხადდა ტენდერი სასკოლო ავტობუსების მომსახურების შესყიდვაზე, სამინისტროში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ “ვერ მოესწრო”.
სკოლებს მიკროავტობუსი მუნიციპალიტეტის 39 სოფელში ემსახურება, სადაც სკოლა 2 კილომეტრზე მეტრითაა დაშორებული.
18 იანვარს იწყება სასწავლო პროცესის მეორე სემესტრი, რომელიც დიდი ქალაქების გარდა ყველგან საკლასო ოთახებში განახლდება.