ქუთაისი რეგფონდიდან 8 მილიონ ლარს მიიღებს

263

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქუთაისის თვითმმართველობას 8 475 371 ლარი გადაეცემა.

მერიამ თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად უნდა გამოიყენოს. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დაფინანსებულია 13 პროექტი.

სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდება აკაკი ხორავას , ფოთის, ნიკეას, შანიძის, ჭაბუკიანის, ჭავჭავაძისა და მწვანეყვავილას ქუჩებზე განსაზღვულია გზის, წყლის სისტემისა და საყრდენი კედლების მოწყობა. ასევე, დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების მოწესრიგება, სკვერისა და სპორტული მოედნის გაკეთება.

განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალში მოხვდა გუგუნავას ქუჩაზე მდებარე ამორტიზებული შენობის რეკონსტრუქცია, რომელიც უსახლკაროებისთვის უნდა მოეწყოს. მერია ამ მიზნით 966 310 ლარს დახარჯავს. შენობის განახლების სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ჯამში, 2021 წელს, ქუთაისს ფონდისგან 12 მილიონი ლარი გადაეცემა.

გასულ წელს თვითმმართველობამ რეგიონალური განვითარების ფონდიდან 11 მილიონ 800 000 ლარი მიიღო.

ნახეთ, რომელ პროექტებს დააფინანსებს მერია:

➡️ აკაკი ხორავას ქუჩაზე, საგზაო სამოსის, დახურული ტიპის სანიაღვრე სისტემისა და ტროტუარების მოსაწყობად , განსაზღვრულია 1 509 319 ლარი.

➡️ ფოთის ქუჩის გზის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 1 219 986 ლარი.

➡️ ნიკეას ქუჩის მე-2 შესახვევის ტროტუარების რეაბილიტაციისათვის დაახლოებით 344 834 ლარი დაიხარჯება .

➡️ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ბეტონის საფარით კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განისაზღვრა 703 883 ლარით.

➡️ გუგუნავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრისის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის 966 310 ლარია განსაზღვრული.

➡️ ქალაქში სპორტული მოედნების მოწყობა- რეაბილიტაციაზე დაიხარჯება 765 507 ლარი.

➡️ შანიძის აღმართზე, გზის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 835 582 ლარი.

➡️ ნიკიტინის ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად გამოიყოფა 347 732 ლარი. რუსთაველის გამზირის #106-ს მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია კი 156 303 ლარი დაჯდება.

➡️ ჭაბუკიანის ქუჩის მე-8 ჩიხის გზის საფარის რეაბილიტაციის თანხაა 138 707 ლარი.

➡️ ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერმაღის ირგვლივ გზის საფარის რეაბილიტაციისთვის 135 404 ლარი დაიხარჯება.

➡️ მწვანეყვავილას ქუჩის #9ა-ს მიმდებარე საყრდენი კედლის მოსაწყობად 193 332 ლარი განისაზღვრა.