ემიგრანტმა ყვარლის სოფელ გრემში მოხუცთა სახლი გახსნა

1893

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში მცხოვრებმა ანა ბალამწარაშვილმა, რომელიც 27 წლის განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა, მეგობართან, ირაკლი ხახუტაშვილთან ერთად მოხუცთა სახლი გახსნა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

ის ასევე ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტია. მისი განცხადებით, ბელგიაში ცხოვრების პერიოდში გაეცნო იქ მოქმედი მოხუცთა სახლების ფუნქციონირების სპეციფიკას და სოფელში ჩამოსვლისას აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის აქტიური მუშაობა დაიწყო.

ანას თქმით, სოფლებში მცხოვრები მოხუცების უმეტესობას არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნონ. მან საკუთარ სახლში მათთვის სათანადო პირობები შექმნა.

“მოხუცთა სახლი სექტემბრიდან გაიხსნა, მაგრამ დეკემბერში დავიწყეთ აქტიური მუშაობა. 27 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ბელგიაში და იქ ვხედავდი როგორი კარგ პირობებში უწევდათ ცხოვრება მოხუცებს. აქ კი ბევრი მოხუცია, რომელსაც არ აქვს ღირსეული სიბერე. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, რომ მეზრუნა მათზე. ჩემს სახლში შევქმენი სათანადო პირობები და ვცდილობ მათ თავი ღირსეულად იგრძნონ”,- განუცხადა knews.ge-ს ანა ბალამწარაშვილმა.

მისი განმარტებით, მოხუცთა სახლში პირველ ეტაპზე 10 ბენეფიციარის მიღება შეუძლიათ. ანა აცხადებს, რომ მოხუცებისთვის მან მყუდრო გარემო შექმნა, სადაც ისინი სითბოსა და სიყვარულს იგრძნობენ.

“ყველა მოხუცს აქვს საკუთარი ოთახი, აბაზანა და სველი წერტილები. პირველ ეტაპზე 10 ბენეფიციარის მიღების საშუალება გაქვს. მოწყობილია ორი და სამკაციანი ოთახები და გვაქვს ყველა პირობა შექმნილი. რაც მთავარია მათ აქ დახვდებათ სიყვარული, სითბო და პატივისცემა.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად კომერციული მიმართულებით ვმუშაობთ, სახელმწიფო დაფინანსებით სოციალურად დაუცველებსაც ვიღებთ.

ჩვენთან 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს შეუძლიათ მოსვლა. რაც შეეხება გადასახადს, ყველა პირის შემთხვევაში ინდივიდუალურია. გააჩნია მას რა სერვისის მიღება სჭირდება. ფიქსირებული გადასახადი არ გვაქვს. ამ ეტაპზე სახლში სამი მოხუცი ქალბატონი გვყავს, რომლებიც ძალიან ჭკვიანები და საინტერესოები არიან”,- აღნიშნა Knews.ge-სთან საუბრისას ანა ბალამწარაშვილმა.

ანა განმარტავს, რომ ბელგიაში ცხოვრებისას დაინახა, რომ მოხუცები სახელმწიფოს დახმარებით კარგ პირობებში ცხოვრობენ. მისი თქმით, აქ მათ ნაკლები ყურადღება ექცევათ და სწორედ მის მიერ შექმნილ მოხუცთა სახლში იპოვიან მსურველები სათანადო პირობებს .

“ბელგიიდან რომ ჩამოვედი, მინდოდა ამეხდინა ჩემი დიდი ხნის ოცნება. სწორედ ასე დავიწყე ეს საქმე. ბელგიაში სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევს მოხუცებს. აქ კი უყურადღებოდ არიან დატოვებული. გარდა ამისა, არიან ოჯახები, სადაც მოხუცს დროის უქონლობის გამო ვერ აქცევენ ყურადღებას, ან სამსახურში არიან ოჯახის წევრები, ან საზღვარგარეთ ემიგრაციაში.

ასეთ ოჯახებს ჩვენთან შეუძლიათ მოხუცის მოყვანა. აქ ერთად იქნებიან, იკონტაქტებენ, გაერთობიან და კარგად იგრძნობენ თავს. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ეს ქართველი მოხუცები დავამეგობროთ ბელგიელ მოხუცებთან. ამაში ბელგიის მერი დამეხმარება. შეთანხმებული მაქვს უკვე და ვიდეო ზარის მეშვეობით დავამეგობრებ მათ”,- განაცხადა ანა ბალამწარაშვილმა.

მის თქმით, ის სამომავლოდ გეგმავს სახლში მცხოვრებ მოხუცებს მუშაობის საშუალება მისცეს, მათი ხელნაკეთი ნივთები თუ მათ მიერ დამზადებული პროდუქტი კი ბელგიაში, ემიგრანტთა სახლის დახმარებით გაიყიდება.

ანა სამომავლოდ მოხუცთა სახლის გაფართოებას გეგმავს, ასევე იგეგმება მსგავსი სერვისის შეთავაზებას ბავშვებისთვისაც.