კახეთში ტყისა და მინდვრების ხანძრების პრევენციის მიზნით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში, ლაგოდეხისა და ყვარლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ტყის ხანძრებისთვის სპეციალიზებული სახანძრო-სამაშველო ავტომობილები გადაეცათ, რაც რეგიონის მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ავტომობილები სამსახურმა იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში მიიღო.
“ჩვენთვის ხანძრების პრევენცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, იზრდება ტყის და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით. სამსახურისთვის, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია მზადყოფნის გაძლიერება, როგორც ტექნიკური აღჭურვის, ასევე, ცნობიერების ამაღლების კუთხით”,– აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.