ყვარლის მუნიციპალიტეტში, ილიას ტბაზე ხალხის ნაკადი დღითიდღე იზრდება. ადგილობრივები სიცხეს ხელოვნურ ტბაში ბანაობით ებრძვიან, თუმცა, დასაშვებია თუ არა აღნიშნულ ადგილზე ბანაობა, ეს ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ ტოჩილაშვილის თქმით, არის თუ არა ტბის წყალი საბანაოდ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მისი თქმით, ამჟამად, ტბის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშოები მიმდინარეობს.
“ამჟამად მიმდინარეობს ტბის გარშემო ინფრასტრუქტურული სამუშაოები: გაზონის მოწესრიგება, დასუფთავება და ა.შ. რაც შეეხება ტბის სისუფთავეს, ჯერ არ ვიცით დაზუსტებით. ახლა დავასრულეთ ტბის წყლით გავსება და იგეგმება ნიმუშის ლაბორატორიაში გაგზავნა, რათა დაზუტებით ვიცოდეთ რამდენად უსაფრთხოა წყალი საბანაოდ”,-განაცხადა ავთანდილ ტოჩილაშვილმა.