ბათუმში ე.წ ხოფის ბაზრობის მოიჯარეები მუშაობის ნებართვას ითხოვენ. ისინი საპროტესტო აქციას მართავენ და მოითხოვენ, მთავრობამ ე.წ ხოფის ბაზრობაზე დასაქმებულებს ერთი კვირით მუშაოების ნებართვა მისცეს.
აქციის მონაწილეების თქმით, თუ ზამთრის საქონელს ვერ გაყიდიან, გაზაფხულზე ფინანსური პრობლემები შეექმნებათ.
„ერთი კვირით მოგცეს მუშაობის უფლება. საბანკო დავალიანება გვაქვს. ვეცდებით ყველანაირი წესი დავიცვათ. ახლა თუ ზამთრის საქონელი ვერ გავყიდეთ, ფინანსური კრიზისი შეგვექმნება”,- აცხადებს ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე.
თავის მხრივ, ხოფის ბაზრობის ხელმძღვანელი ზვიად მელიქაძე აღნიშნავს, რომ მოიჯარეების მოთხოვნა ნაცნობია, თუმცა პანდემიის გამო ყოველდღიურად საშუალოდ 50 ადამიანამდე იღუპება და ბაზრობაზე წესების დაცვასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
„ამ ადამიანებს გვერდით ვუდგავარ და მათი გაჭირვება ჩემი გაჭირვებაა. მარტო ადმინისტრაცია ვერ შეძლებს კონტროლს ანუ მოიჯარეებიც უნდა დაგვიდგნენ გვერდით. კონსულტაციები გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. წესების დაცვა ვერ ხერხდება და ადმინისტრაცია ვერ გააკონტროლებს. პასუხისმგებლობა თითოეულმა რომ გაითვალისწინოს, კარგი იქნება“,- აცხადებს ხოფის ბაზრობის დირექტორი.