ზუგდიდის მერია: ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია გრძელდება

533

ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის 3,4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაეცნენ.

მერის თქმით, გზის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელი მიერთებები.

„ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს, როგორც სავალი ნაწილის, ასევე სანიაღვრე არხებისა და ეზოებში შესასვლელების მიერთებების მოწყობას. აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც”, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

პრესსამსახურის ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. როგორც ისინი აღნიშნავენ, ქალაქში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70-ზე მეტ ქუჩას, გზები რეაბილიტირდა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.