მელია: გაზაფხულისთვის სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობისთვის მზადებას დავიწყებთ

364

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად 2021 წლის გაზაფხულისთვის სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობისთვის მზადებას იწყებენ. მელიას თქმით, ხელისუფლებას უნდა თუ არა ეს, ხელახალი არჩევნები მაინც დაინიშნება.

“გარწმუნებთ, ახალი არჩევნები დაინიშნება, მიუხედავად იმისა, ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს თუ არა. თუ არ დანიშნავს, საზოგადოება აუცილებლად დაანიშნიებს ახალ არჩევნებს. ჩვენ დავიწყებთ სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობის მზადებას გაზაფხულისთვის და ვნახოთ ერთი აბა, რამდენად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი არჩევნების არ დანიშვნას”, — განაცხადა მელიამ “ფორმულასთან”.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არც პარლამენტში შესვლას აპირებენ.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია.