მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი: აფრიკის დასახლებაში ნაგებობები იყო ფაციფუცით აშენებული, ძლიერი ქარის შემთხვევაში, შესაძლოა, დანგრეულიყო

395

ეს იყო ფაციფუცით აშენებული, ძლიერი ქარის შემთხვევაში, შესაძლოა დანგრეულიყო, ან როგორც მინიმუმ, სახურავს ააგლეჯდა, – ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა აფრიკის დასახლებაში უკანონო ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ საქმე ეხება უკანონო მშენებლობას, არამედ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მშენებლობის ყველა ნორმა იყო უგულებელყოფილი, რაც სტიქიური მოვლენების დროს მსხვერპლს გამოიწვევდა.

„რაც იქ მოხდა, ცხადია, რომ უკანონო იყო. ერთია, მშენებლობა არის უკანონო და მეორე – რაღაც ნორმებით უნდა ხდებოდეს მშენებლობა, სამწუხაროდ, არანაირი ნორმა არ იყო დაცული. პრაქტიკულად, უგულებელყოფილი იყო კონსტრუქციული ნაწილები, გადახურვის თუ კედლების წყობა. ძლიერი ქარის შემთხვევაში, შესაძლოა, დანგრეულიყო, ან, როგორც მინიმუმ, სახურავს ააგლეჯდა. ის იყო ისე ნაჩქარევად აშენებული, რომ ოღონდ რაღაც გადახურული ყოფილიყო. მე მგონი, მოსახლეობა ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა და უთხრა, რომ გადახურულ სახლს არ ანგრევენ. ეს იყო ფაციფუცით აშენებული, შეიძლება, ხშირ შემთხვევაში, იქ ქვიშა-ცემენტის ხსნარიც არ იყო გამოყენებული. ექსკავატორის ცხვირი რომ აწვებოდა, მთელი კედელი წვებოდა“, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

ცნობისთვის, კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომელთა ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბინას ჩუქნის.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს.

კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით დღეს რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.