კალაძე აფრიკის დასახლებაზე: სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება წახალისებული ვერ და არ იქნება ემი მერობის პირობებში

389

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სახარბიელო სოციალური ფონი კვლავ არ არის, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, თუმცა, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება, მოპარვა წახალისებული ვერ და არ იქნება ჩემი მერობის პირობებში, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟის დაწყებას.

როგორც კალაძე განმარტავს, მუნიციპალურმა ინსპექციამ მოსახლეობა როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობითაც გააფრთხილა.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ აღნიშნული მიწები დატაცებული და მოპარულია.

„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში დატაცებულ მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა ამას, დატაცებულ მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით, სამწუხაროდ, გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია, რომ მათ განეხორციელებინათ თავადვე დემონტაჟი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად დაიწყო დემონტაჟის პროცესი.

ქვეყანაში, ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და მე მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ვიცით, რომ გვყავს ბევრი ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა, მაგრამ ეს ადამიანები პატივს სცემენ კანონს, შეზღუდვებს, რეგულაციების, ყველაფერს იმას, რაზეც დგას სახელმწიფო. რომ არა კანონის პატივისცემა, დღეს ყველა ეს ადამიანი შეძლებდა უკანონოდ აეშენებინა სახლი და შემდეგ ეთქვა, რომ ეს მისი საკუთრებაა და არ უნდა შევეხოთ, ეს არის უსამართლობა და არცერთი კანონმორჩილი მოქალაქე არ დაეთანხმება მსგავს უკანონობას.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სახარბიელო სოციალური ფონი კვლავ არ არის, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, თუმცა, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება, მოპარვა წახალისებული ვერ და არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მერობის პირობებში.

ფაქტია, რომ ბოლო წლებში მოქალაქეებმა, რომელთაც აქვთ უძრავი ქონება რეგიონებში, ასევე ზოგს სხვის სახელზეც უფიქსირდება ქონებები, დაიწყეს უკანონო მშენებლობები თბილისში სახელმწიფო მიწებზე, ეს მიწა არ არის კერძო პირის საკუთრება, ეს არის ჩვენი, თითოეულის, ამ ქვეყნის მოქალაქის ქონება და ეს პროცესი რა თქმა უნდა, ამ ფორმით ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.