ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დასადგმელად კონკურსი გამოცხადდება

556

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცნობად მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ახალციხეში საქართველოს მეფის, გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი უნდა დაიდგას. მერიაში გვითხრეს, რომ  უახლოეს მომავალში ქანდაკების ესკიზის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

კულტურის სამსახურის უფროსის, ზაზა თამარაშვილის განმარტებით, საუკეთესო ესკიზის ავტორის გამოსავლენად მერია კონკურსს სავარაუდოდ წლის ბოლომდე გამოაცხადებს.

„შეიქმნა კომისია. რომელშიც მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები შედიან, შემუშავდება კონკურსის პირობები, თუმცა ვვარაუდობთ რომ ამ საქმეში სპეციალისტები და პროფესიონალებიც ჩაერთვებიან, რომლებიც საიმედო გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – ამბობს თამარაშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ძეგლის დასადგმელად რამდენიმე ადგილი განიხილება, საბოლოო გადაწყვტილებას ახალციხის საკრებულო მიიღებს: „ცენტრალური ადგილები განიხილება. ისეთი ადგილი უნდა შევარჩიოთ სადაც საზოგადოება ხშირად მოძრაობს და სტუმრები რომ ჩამობრძანდებიან  მათი თვალთახედვის არეშიც უნდა იყოს“.

თამარაშვილმა  ასევე აღნიშნა, რომ გიორგი ბრწყინვალის ძეგლის ახალციხეში დადგმის შესახებ იდეა დიდი ხანია არსებობს და ეს საზოგადოების მოთხოვნაა.

„საზოგადოებაში დიდი ხანი არის ეს იდეა. გიორგი ბრწყინვალე მოგეხსენებათ აღიზარდა სამცხეში. აღზადა მისმა დიდმა პაპამ  ბექა, მანდატურთუხუცესმა ჯაყელმა. ეს საკითხი მერიის მრჩეველთა საბჭოს სხდომებზეც რამდენჯერმე დაისვა“, – ამბობს იგი.

ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ  2020 წლის 12 ოქტომბერს ახალციხეში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე ისაუბრა.

გიორგი V ბრწყინვალე 1286-1346  წლებში მეფობდა. იგი სამცხეში, მისი პაპის, ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესის) კარზე აღიზარდა. მეფეს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. „ბრწყინვალე“ ქართველმა ხალხმა მას მისი დამსახურებებისთვის შეარქვა.