როდესაც მიწებს იტაცებენ, ბევრი მართლაც სოციალურად დაუცველია, ვისაც მართლა ძალიან უჭირს, მაგრამ ასევე არიან ადამიანები, ვინც მიწების მიტაცებით, შემდეგ შენობა-ნაგებობის განთავსებით ხელს ითბობენ. ჩვენ ამ თემას ჩავყვებით ბოლომდე და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვერ მივაგნებთ და არ გამოიკვეთება ის ადამიანი, ან ადამინების დაჯგუფება, ძალიან ცდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გუშინ ძალიან მძიმე იყო მამა-შვილის ფოტო, თავს შევიკავებ და მათ სახელს და გვარს არ დავასახელებ, მთელი სოციალური ქსელი მოიცვა და ამასთანავე ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, ეს ყველაფერი ხდებოდა მიზანმიმართულად, ეს იყო კარგად დაორგანიზებული შემოტევა, რომ თითქოს ჩვენ ამ მამა-შვილს საცხოვრებელი სახლი დავუნგრიეთ, რაც არის დიდი ტყუილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომელთა ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბინას ჩუქნის.
ცნობისთვის, დედაქალაქის 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს.
კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით დღეს რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.