თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მშენებარე ნაგებობების დემონტაჟის საკითხს გამოეხმაურა. დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შენობებში არავინ ცხოვრობდა, სახელმწიფო ქონების მიტაცება კი დაუშვებელია.
„სამწუხაროდ, ქალაქში გვაქვს უკვე ბევრი კონკრეტული უბანი, რაიონი, სადაც მიმდინარეობს უკანონოდ მიწების გატაცება და შემდეგ უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ გუშინ, სადაც მშენებარე შენობა-ნაგებობეის დემონტაჟი განხორციელდა, იქ არც ერთი ადამიანი, არც ერთი ოჯახი არ ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიის ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, ასევე მიტაცებულ მიწებზე აქვთ აშენებული სახლები და თავიანთი ოჯახებით ცხოვრობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს არ შევხებივართ და განხორციელდა მხოლოდ იმ ობიექტების დემონტაჟი, სადაც უშუალოდ მშენებლობები მიმდინარეობდა. ზოგი საძირკველში, ზოგი ნახევარზე იყო ამოშენებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო გაკეთებული გაფრთხილებები, რომ თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი, მათ ეს არ გააკეთეს და შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის ფარგლებში, იმიტომ რომ მიუღებელია, დაუშვებელია სახელმწიფო ქონების ასე გატაცება. მე ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, კარგად მესმის გაჭირვება. ყველას გამოგვივლია და ყველამ ვიცით რა არის გაჭირვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მოვიპაროთ, რაღაც მივიტაცოთ. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალ წელს თბილისის ბიუჯეტში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება დაახლოებით 22 მილიონი ლარით გაიზრდება და წლის განმავლობაში მერია სხვადასხვა პროგრამის და პროექტის ფარგლებში 500 ათასამდე ადამიანს ეხმარება. მან ასევე მადლობა გადაუხადა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიის დროს დედაქალაქის მოსახლეობას ეხმარებიან.
ცნობისთვის, დედაქალაქის 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს.
კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით დღეს რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.