საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ დაუშვებელია უნებართვოდ აშენებული შენობა ნაგებობების დემონტაჟი ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე. მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო დემონტაჟს იწყებს, უნდა იყოს შეფასებული ამ შენობებში მცხოვრები ადამიანების უსახლკაროდ დარჩენის რისკები და საჭიროების შემთხვევაში, მერიამ ისინი შესაბამისი თავშესაფრითაც უნდა უზრუნველყოს.
“საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას”, — ვკითხულობთ ნინო ლომჯარიას გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ გამოწვევაა უსახლკარო ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხიც.
“მართალია თბილისში ფუნქციონირებს ლილოს თავშესაფარი, სადაც არის თავისუფალი ადგილები, თუმცა იქ არსებული ფართები არ არის გათვლილი ოჯახების, მათ შორის არასრულწლოვანი პირებისთვის”, — წერს სახალხო დამცველი.
მისი თქმით, არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და შესაბამისად, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები მათ შესახებ.
ლომჯარია ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ქმედების ზამთარში და პანდემიის პირობებში განხორციელება, წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს.
“თბილისის მერიას მოვუწოდებ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომელიც მოცემული იქნება ამომწურავი ინფორმაცია რა ღონისძიებები იქნა და იქნება გატარებული იმ ოჯახების უსახლკარობისგან დაცვის მიზნით, რომელთა საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს დაექვემდებარა”, — წერს ნინო ლომჯარია.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ შეისწავლის თავად დემონტაჟის პროცესის კანონიერებას.
ცნობისთვის, დედაქალაქის 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს.
კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით დღეს რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.