სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ შეიცვალა საკარანტინე სივრცეებში მოთავსების წესი, ბაკურიანში, საკარანტინე სასტუმროებზე მოქალაქეების მიმართვიანობა შემცირდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
როგორც, სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ დროისთვის ოფიციალურად საკარანტინე ზონები არ გაუქმებულა.
„გაუქმებით ჯერ არ გაუქმებულა, სტატუსს ინარჩუნებენ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შეიცვალა საკარანტინე სივრცეში საზღვრის კვეთისას, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეების კარანტინში მოთავსების წესი შესაბამისად მოთხოვნაც შემცირდა და აღარ არის ფაქტიურად, თუ ასე გაგრძელდა შემდგომში შესაძლოა მოხდეს გაუქმება“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი, გიორგი მიქელაძე.
რა შემთხვევაში მოხვდებით კარანტინში?
„საქართველოს მოქალაქე ნაცვლად კარანტინისა პირდაპირ თვითიზოლაციაში გადადის, ასევეა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც, თუ აქვთ თვითიზოლაციისთვის საჭირო სივრცე ისინიც გადიან თვითიზოლაციაში და თუ არა გამონაკლის შემთხვევაში მოთავსებიან საკარანტინე სივრცეებში“, – განმარტავს მიქელაძე.
ბოლო პერიოდია ბაკურიანში სამი საკარანტინე სასტუმრო ფუნქციონირებდა, ხოლო ბოლო სამი დღეა აღნიშნულ საკარანტინე სასტუმროებს მოქალაქეები აღარ მიუღია.
14 დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირების 191 063 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელდა 161 681 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 1 839 პირი. კარანტინის რეჟიმში კი 986 მოქალაქე იმყოფება.