“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” პარტიების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილი ხარვეზები, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა.
როგორც ბოკერიამ ფორმულას გადაცემაში პოლიტმეტრი აღნიშნა, ამით მმართველი გუნდი ოპოზიციისთვის მახის მოწყობას ცდილობდა.
“ბატონმა კობახიძემ საჯაროდ ბრძანა, ამიტომ ამ შემთხვევაში არანაირი საიდუმლოს გაცემას არ ვახდენ, იგივე გზავნილი ჰქონდა მოლაპარაკებებზეც, რომ აი მოდი ჩავუჯდეთ ISFED-ის პარალელურ დათვლას და თუ დადასტურდა იქ, რომ ემთხვევა შედეგი, მაშინ თქვენ აღიარეთ არჩევნები, თუ არ დადასტურდა, მაშინ ჩავატარებთ ახალ არჩევნებსო.
აქედან ირკვევა, რომ რაღაც ფორმით, დიდი ალბათობით, უკანონო ფორმით, მიყურადების ფორმით, იცოდნენ ამის შესახებ და მახეს უგებდნენ ოპოზიციას, თავისი მოკლე ჭკუით. ჩვენ უნდა დავთანხმებულიყავით, რომ PVT-ია საზომი და მოდი ჩავუჯდეთ ოქმების დაჯამებას და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, და იქ გაგვჭედავდა თავისი ჭკუით”, – განაცხადა ბოკერიამ.
გარდა ამისა, ბოკერიას თქმით, PVT (პარალელური დათვლა) “არასდროს აუღიათ საზომად. ის ვერანაირად ვერც აკონტროლებს და ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს”.
“ის ითვლებს არსებულ ოქმებს. ჩაყარეს სადღაც ოქმები, ეს ოქმები სამართლიანმა არჩევნებმა მიიღო და დააჯამა. ვერც ხმის კონტროლის კარუსელს აკონტროლებს”, – განმარტა ბოკერიამ.
სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა.
ცნობისთვის, ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის “ქართული ოცნების” სასარგებლოდ შეცვალონ.
აღნიშნულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, კობახიძის მტკიცებით, შეხვედრაზე, რომელიც მისივე თქმით, 2-3 კვირის წინ შედგა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ორგანიზაციის მეთოდოლოგიით დაინეტერესდნენ.