ISFED-მა პარალელური დათვლის შედეგები შეცვალა და “ქართული ოცნების” შედეგი 47.6%-მდე გაიზარდა

499

სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა.

ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად მიიჩნევს.

მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. თუმცა სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა. შიდა აუდიტი PVT-ის სტანდარტული პროცედურაა და ოთხ ეტაპს მოიცავს: 1. დამკვირვებლების მიერ გამოგზავნილი მონაცემების აუდიტი; 2. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შესწორების ოქმების გადამოწმება; 3. ცდომილების ხარისხის გამოთვლის სისწორის აუდიტი; 4. არჩევნების დღის პროცესთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმება.

შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. 

ორგანიზაციის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიმდინარეობს ხარვეზის გამომწევევი მიზეზების მოკვლევა, რომელშიც ასევე ჩართულია “სამართლიანი არჩევნების” გამგეობა.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ახორციელებდა კომპლექსურ დაკვირვებას მთელ საარჩევნო პროცესზე.  მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას,”- წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განახლებული შედეგები ასე გამოიყურება: