თალაკვაძე: ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის შედეგებზე განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა მოიხადოს ბოდიში

410

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პარალელური დათვლის შედეგებზე დაზუსტებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა მოიხადოს ბოდიში.

როგორც ის აღნიშნავს, აღმოჩნდა, რომ ცესკოს მონაცემები სწორია.

„ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ამ განცხადების შემდეგ, მესამე პრეზიდენტმაც, მეოთხე პრეზიდენტმაც და ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში, რადგან საბოლოოდ გაირკვა რომ ცესკოს მონაცემები სწორია და პარალელური დათვლის შედეგებს ემთხვევა. უკვე მთელი საზოგადოებისთვის ნათელია, რატომ ამბობდნენ უარს გადათვლაზე, უბნების მიხედვით მონაცემების შედარებაზე და ყველაფრის გადამოწმებაზე.

მათ, მთელი ეს პროცესი ცრუ ბრალდებას დააფუძნეს – რეალურად არჩევნები არ გაყალბებულა. ეს იყო შანტაჟი ოპოზიციის მხრიდან და პოლიტიკური აფერა. რაც ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში წაიკითხეთ, ოპოზიციის მთავარ ბრალდებას, თითქოს არჩევნები გაყალბდა, აცამტვერებს. იმთავითვე ვამტკიცებდით, რომ ეს იყო უსაფუძვლო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „ღამის კურიერის“ ეთერში.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.