„დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა. ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: ის იყო ერთპარტიული და დღეს იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი – 113 ადამიანი. ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება“ – აღნიშნულია პარტია „გირჩის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„გირჩი უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს – ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას, და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, გირჩის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
5-მა ოპოზიციურმა პარტიამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა. ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტების ხელმისმოწერის პროცესს არ დასწრებიან პარტიები: „გირჩი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“. „გირჩი“ და “რესპუბლიკური პარტია” აცხადებენ, რომ პარლამენტში არ შედიან და დეპუტატის მანდატზე უარს ამბობენ, უბრალოდ ამის დამადასტურებლად ცერემონიებში მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავდნენ.