მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ისურვებდა, ცვლილებებისთვის მებრძოლი ოპოზიცია პარლამენტში ნახოს და არა ქუჩაში.
“ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისკენ, რომ მან [ოპოზიციამ] შეძლოს იბრძოლოს ცვლილებისთვის პარლამენტში და არა ქუჩაში. პარტიის ლიდერებმა. ბოლო 6 კვირის განმავლობაში უდიდესი შრომა ჩადეს იმ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის გეგმის შემუშავებაში, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას წლებია აქვს. ვფიქრობ, ამან აჩვენა, რომ მათ ერთად მუშაობა შეუძლიათ, ღრმა განსხვავებების მიუხედავად, მათი ინტერესებისა და მათი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
დღეს, 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველი სხდომა იმართება. დღეს არცერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, თუმცა, ჯერ დაუზუსტებელია დარჩება თუ არა ასე ბოლომდე. პარტია “მოქალაქეების” ლიდერს სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს და ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა მანამ, სანამ მმართველ გუნდთან შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ და ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი არ იქნება. ოპოზიციის სხვა წევრები კი უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე მანამ, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება.
დანარჩენი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები გეგმავენ, რომ სხდომის პარალელურად ხელი მოაწერონ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან.