ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო მანდატებზე უარის ნიშნად მემორანდუმს გააფორმებენ

362

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დღეს პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები 12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბებიან, სადაც გადაწყვეტილების გაფორმება მოხდება.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ხსნის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და “ლეიბორისტული პარტია”. ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს “გირჩი”. მანდატებს ინარჩუნებს ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები”.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციურმა სპექტრმა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებას წინადადებათა პაკეტი შესთავაზა. 4-დან 2 პუნქტზე, რომელიც საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას გულისხმობს, დისკუსია გახსნილია, თუმცა ხელისუფლება წითელ ხაზად ტოვებს ვადამდელი არჩევნების საკითხს, რომელიც ოპოზიციური სპექტრისთვის საკვანძო მოთხოვნაა. „ქართული ოცნება“ ასევე გამორიცხავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, თუმცა 2 პატიმარი იმ პირებიდან, ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გუშინ გათავისუფლდა. ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულებს – აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს პატიმრობა 10 000-10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.