“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღეს პარლამენტთან მემორანდუმს ხელს არ მოაწერს, რადგან მსგავს დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილი აქვს. მისი თქმით, არაა საჭირო იმის მტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმშია.
“სამჯერ მაქვს უკვე მსგავს დოკუკმენტზე ხელი მოწერილი. ერთხელ მარიოტში მოვაწერეთ და ერთი-ორჯერ სადღაც, რაღაც დაფებზე მოვაწერე. რავი, არავის არ ჭირდება იმის დამტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ. რაღაც პროცედურებია დარჩენილი, რომელიც გასავლელია და იმ პროცედურებს გავივლი, მაგრამ არანაირი ცერემონიები აღარ მჭირდება ამის დასამტკიცებლად”, – განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ეჭვები გაჩნდეს, მაგრამ ისინი გაქარწყლდება, როცა ყველა პროცედურას გაივლის და მანდატზე უარს იტყვის.
“მეც ვტოვებ შანსს, რომ პოლიტიკური შეთანხმება შედგეს, თუმცა ის წინადადებები, რაც ახლა მაგიდაზე დევს და რაზეც ქართული ოცნება თანახმაა, ჩემთვის არ არის საკმარისი, რომ ბოიკოტზე ვთქვა უარი”, — განაცხადა მან.
დღეს, 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. დღეს არცერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, თუმცა, ჯერ დაუზუსტებელია დარჩება თუ არა ასე ბოლომდე. პარტია “მოქალაქეების” ლიდერს სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს და ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა მანამ, სანამ მმართველ გუნდთან შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ და ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი არ იქნება. ოპოზიციის სხვა წევრები კი უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე მანამ, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება.
დანარჩენი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები გეგმავენ, რომ სხდომის პარალელურად ხელი მოაწერონ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან.