სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად ებრძვის უკანონო ოკუპაციის მძიმე შედეგებს

390

„დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, სამწუხაროდ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად ებრძვის უკანონო ოკუპაციის მძიმე შედეგებს“, – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

72 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, რომელიც განამტკიცებს ყველა ადამიანის სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს, ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულობის მიუხედავად.

ეს იყო უმნიშვნელოვანესი განაცხადი, რომელმაც დაამკვიდრა ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის საყოველთაო ვალდებულება და საფუძველი ჩაუყარა ადამიანების თანასწორობის, თანაბარუფლებიანობის და ღირსეული ცხოვრების პრინციპებს. სწორედ დღეს აღვნიშნავთ და ვულოცავთ სრულიად საქართველოს მოსახლეობას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს!

საქართველოს ხელისუფლების ხედვა ემყარება დემოკრატიული, თანასწორი და თანაბარუფლებიანი საზოგადოების მშენებლობის პრინციპებს, რომლის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი უფლებები. სწორედ ამ ხედვას და პრინციპებს ეფუძნება და ცხოვრებაში მათ გატარებას ისახავს მიზნად როგორც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის, ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანზე, მისი უფლებების პატივისცემასა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე.

თითოეული ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვასთან ერთად, სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავს ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერას, სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა განვითარებისთვის სამართლიანი გარემოს განმტკიცებასა და თანასწორი, სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვა გულისხმობს მათზე ზრუნვას, მათი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ასევე უკეთესი მომავლის პერსპექტივის გაჩენას მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის ცალკეული რეგიონების ოკუპაციის გამო საქართველოს ხელისუფლება მოკლებულია მათზე ეფექტური წვდომის შესაძლებლობას.

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, სამწუხაროდ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად ებრძვის უკანონო ოკუპაციის მძიმე შედეგებს, საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას, დისკრიმინაციულ მოპყრობას და ჰუმანიტარულ კრიზისს, რაც ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის პირობებში, საქართველოს მთავრობა იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმს და ძალღონეს არ იშურებს, რათა იზრუნოს იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე. სწორედ ამას ემსახურება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება და ყველა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას, რაც ერთ-ერთი მთავარი საყრდენია დემოკრატიული წინსვლისა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.