COVID-19-თან დაკავშირებით, ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია დაიწყო.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა COVID 19-თან დაკავშირებით, საინფორმაციო მასალები ეთნიკური უმცირესობის ოჯახებში კარდაკარ შემოვლის პრინციპით დაარიგეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მომზადდა და ვრცელდება საინფორმაციო ბროშურები ქვეყანაში დაწესებული უახლესი რეგულაციებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ.
“ორენოვანი ბროშურები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ, მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ იმ სოფლებში გავრცელდება, სადაც ელექტრონული არხებით ინფორმაციის მიღებაზე წვდომა პრობლემურია.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.