ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შენდება. რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემმუზეუმის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
პროექტი ონის ახალ, ორსართულიან მუზეუმში საკონფერენციო დარბაზის, ფონდსაცავის, ბიბლიოთეკის, მედიათეკისა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა, რომელიც 1991 წლის მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ნუმიზმატიკურ, ძველ-ბეჭდურ წიგნებს, ფოტომასალებს, სახვითი ხელოვნების ნიმუშებს, ხელნაწერ წიგნებს, ხელნაწერ ისტორიულ საბუთებსა და სხვადასხვა მცირე კოლექციებს ინახავს, ეკლესიის რელიეფებთან და ლაპიდარულ წარწერებიანს ქვებთან ერთად.
“ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც პირველ რიგში დაგვეხმარება მომავალ თაობებს უვნებლად გადავცეთ ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობა და ამასთან, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას და ტურისტული პოტენციალის გაზრდას”, – აცხადებს გოჩა ენუქიძე.
ონის მუზეუმის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 5.5 მილიონი ლარია.
ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.