ჩვენ ახლა ცხადად ვნახეთ პოლიტიკური პოზიციების გამოხატვა კომისიის წევრების მიერ, – ასე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია 3 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას.
როგორც ჟვანიამ აღნიშნა, კომისიის სხდომა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც დატოვა იგივე შემადგენლობამ, თუმცა, პარლამენტმა ამ არჩევნების შედეგად 4 წელი იმუშავა.
„რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ახლა პასუხი გავცე იმ გამოსვლებს, რაც მოვისმინეთ. ჩვენ ახლა ცხადად ვნახეთ პოლიტიკური პოზიციების გამოხატვა კომისიის წევრების მიერ. ამავდროულად, ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ 2016 წლის არჩევნებზე ზუსტად ასე დატოვეს სხდომა იგივე კომისიის წევრებმა გარდა ქალბატონი ხათუნასი. მაშინაც ასეთი პოზიცია გამოხატეს და შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერას მაშინაც არ დაესწრნენ. ეს ჩვენთვის ახალი არ არის, ვინაიდან, ძალიან კარგად ვხედავთ, რომ 2016 წელსაც ზუსტად იგივე მოხდა. თუმცა, 2016 წლის არჩევნების შედეგად 4 წელი მუშაობდა პარლამენტი, შესაბამისად, ასეთი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანაწერები, რომელიც ბატონმა დავითმა ახლა წაიკითხა, რომელიც ერთიანობაშია წასაკითხი და საერთოდ არ კითხულობს იგივე IRI-ს რეკომენდაციებს, რომელთა უმრავლესობაც პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ კონტექსტს შეეხება, ძალიან სამწუხაროა. ეს არის ცალმხრივი წაკითხვა და ვურჩევდი ყველას, რომ გაეხსენებინათ ის პერიოდი, რაც ზუსტად ამ შემადგენლობის მიერ არის ჩატარებული. ცხადია, არის ამ არჩევნებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქმული, ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო ორგანიზაციების საბოლოო ანგარიშებსაც, მაგრამ ერთს ვიტყვი, ყველამ ამ ქვეყანაში ძალიან კარგად იცის საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი შეფასება და პოზიცია, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ამ არჩევნებზე იყო დაცული. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი საერთაშორისო პარტნიორების მიერ არ დამდგარა“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი სხდომა იმართება, რომელიც პროტესტის ნიშნად „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა დატოვეს.