ცესკო-ში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც კირთაძემ განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ის არ აპირებს სხდომას დაესწროს.
„თქვენს მიერ ჩატარებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს არჩევნები ჩატარდა შანტაჟით, მოსყიდვით, ყოვლად უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ. დღევანდელ კრებაში მონაწილეობას არ მივიღებ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ სიყალბით სავსე ოქმს ხელს მაინც მოაწერთ, შემდგომში ალბათ თქვენებთან, „ქართული ოცნების“ შტაბში დარეკავთ და ეტვით – „ხელი მოვაწერე და კრება დარჩა მხიარულიო“. შევეცდები, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ დაფიქრდეთ კარგად, დაფიქრდეთ არა იმაზე, სიყალბით სავსე ოქმზე ხელმოწერით რა სარგებელს მოუტანთ თქვენს თავს, არამედ იმაზე, რამხელა ზიანს მიაყენებთ ჩვენს ქვეყანას, მომავალ თაობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამიტომ, ამ ფარსში მე მონაწილეობას არ მივიღებ და დაგტოვებთ მარტო“, – განაცხადა დავით კირთაძემ.