კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, ეს გასაგებია და მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს, არა იმის ხარჯზე რომ იდევნებოდეს პოლიტიკური ოპოზიციური ლიდერები და არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი სიტყვა იზღუდებოდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, ამ ყველაფერს თუ შევხედავთ როგორც ნორმას და მივიღებთ პროზაულ მოცემულობად, ეს მხოლოდ დღეს და ხვალ კი არ მოხდება, მოხდება მრავალი წლის განმავლობაში, რაც არც მე მინდა, არც ჩემს შვილს და არც თქვენ.
„როდესაც ქვეყანას მართავს ოლიგარქი, მიმდინარეობს დევნა პოლიტიკურ ოპონენტებზე, ვინც არ უნდა იყოს ამაზე თუ აქვს სრულიად საპირისპირო პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან კრიტიკას ყოველთვის დაიმსახურებს. ჩვენ ვიბრძვით, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაემსგავსოს რუსეთის ფედერაციას. არჩევნები ტარდება რუსეთში? კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, ეს გასაგებია და მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს, არა იმის ხარჯზე რომ იდევნებოდეს პოლიტიკური ოპოზიციური ლიდერები და არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი სიტყვა იზღუდებოდეს. ნებისმიერი ადამიანის გულწრფელობაში მეპარება ეჭვი – ქვეყანას ხომ მართავს ოლიგარქი? – მართავს! ქვეყანაში რომ არჩევნები არ ტარდება და არც ჩატარდა, ამას ვერ უარყოფთ. რომ იდევნებიან ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები და მედიამენეჯერები შეთითხნილი პოლიტიკური საქმეებით, ამასაც ხომ ვერ უარყოფთ? შესაბამისად, ეს არის ის, რაც არ მინდა ამ ქვეყანაში ხდებოდეს. ეს არის ის, რაც ხდება რუსეთის ფედერაციაში. ამ ყველაფერს თუ შევხედავთ როგორც ნორმას და მივიღებთ პროზაულ მოცემულობად, ეს დღეს და ხვალ კი არ მოხდება, მოხდება მრავალი წლის განმავლობაში, რაც არც მე მინდა, არც ჩემს შვილს და არც თქვენ. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ქვეყანას არ მართავს ოლიგარქი, ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა, კრიტიკას დაიმსახურებს. ოღონდ, კრიტიკასა და თავდასხმას შორის უდიდესი განსხვავებაა“, – განაცხადა მელიამ.