მელია: როცა აშშ-ს ელჩი ირიბად მაყენებს გზაზე, რომ არჩევნები არასდროს ჩატარდეს, ამას არ შევეგუები

317

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ არ გაიზიარებს იმ ელჩების “გულწრფელ ქომაგობას”, თუ რომელიმე არსებულ სიტუაციას, ერთპიროვნულ მმართველობას, პოლიტიკურ დევნასა და არჩევნების გაყალბებას ვერ ხედავს.

მისივე თქმით, ამ პროცესებში არასწორი პოზიციების დაფიქსირება სტრატეგიული პარტნიორობის ღალატია.

მელიას განცხადებით, შემთხვევითი არ არის ის, რომ მისი და რამდენიმე ადამიანის სასამართლო პროცესები განაახლეს და მისი შეფასებით, ეს არის ვაჭრობის პროცესის გახსნა, რაც ხდება იმ ფონზე, როცა ელჩების ჩართულობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ნიკა მელია ამბობს, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ელჩების პოზიციას ელოდება.

„როდესაც მესამე რაუნდამდე ამ პროცესს ხსნის რეჟიმი, ხელისუფლება, მაშინ, როდესაც ელჩების მეშვეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მინიმუმ ვფიქრობ, პირადად ასეთი მოლოდინი მაქვს, რაღაც პოზიცია უნდა დააფიქსიროს გნებავთ აშშ-ის, გნებავთ ევროკავშირის ელჩმა. დღეს რომ არ გაგვეგო, რომ სასამართლოში დაბარებების პროცესი გახსნეს, ისედაც მაქვს მოლოდინი, რომ სტრატეგიული სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ელჩების სახით ჩვენს ქვეყანაში შავზე თეთრი არ თქვან, ვინც არ უნდა იყოს.

თუ ჩვენ ვხედავთ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მთელი არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური ოპოზიცური პარტიები, და რაც მთავარია, ხალხი, ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდა, თუ ვხედავთ, ქვეყანა იმართება ერთპიროვნულად არაფორმალური მმართველის მიერ, ის, რომ დრო და დრო თავისუფალი მედია იდევნება, ადამიანები ტყვეობაში აჰყავთ, შემდეგ გევაჭრებიან, ეს ყველაფერი თუ არ არის დანახული ნებისმიერი ელჩის მხრიდან, ის მეუბნება, რომ ეს ასე არ ხდება, მემგონი, მე უბრალოდ მაქვს უფლება, არ დავეთანხმო ჩემი ქვეყნის მიმართ ასეთი ელჩის გულწრფელ ქომაგობაში.

ნებისმიერი ელჩი, თუ არ ცდილობს, რომ დასავლური დემოკრატიის ფასეულობები და ღირებულებები დაიცვას, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა იყოს უზრუნველყოფილი, არჩევნები ტარდებოდეს, ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს ოლიგარქიული მორევიდან, მაშინ რანაირი მოკავშირე ხარ შენ ჩემი? რუსეთის საელჩო რომ არსებობდეს ჩვენთან ქვეყანაში და რუსეთის ელჩს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე აწყობდეს თქვას, რომ რა სისულელეა, რა ოლიგარქი, არ ჩატარდა არჩევნები? როგორ არ ჩატარდა, იქ რაღაცა დამკვირვებლებმა ხომ დაწერეს დასკვნა, რომ ნორმალურად ჩატარდა. მაშინ, მაპატიეთ, რა განსხვავებაა? „მაკდონალდსი“ იაროსლავშიც არსებობს, ესენტუკშიც და კისლავოდსკშიც, ყველგან არის. ჩვენ დასავლური ფასეულობები გვინდა განვამტკიცოთ ამ ქვეყანაში და ჩვენს შვილებს მომავალი ჰქონდეთ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს ზურგს აქცევს, ვინც არ უნდა იყოს, რა მისიითაც არ უნდა იყოს, მის გულწრფელობაში, ძალიან რბილად ვაფასებ, მე შემაქვს სერიოზული ეჭვები.

ნუთუ, ვერ ხედავს ადამიანი, რომ ტყვეობაში აყვანილი პირებით გვიპირებენ ვაჭრობას, მეცნიერებით და აკაკი ხუსკივაძეს და აკაკი კობალაძეს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, პლუს უნდა დაამატონ კიდევ სამი ოთხი ადამიანი არა? შეუძლებელია, ეს ასე გაგრძელდეს, მე პირადად, არც პირში წყლის ჩაგუბებას არ ვაპირებ, რადგან ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენს ისტორიულ მისწრაფებას ცივილიზაციისკენ. რუსეთის ფედერაცია რატომ არ მოგვწონს? იმიტომ, რომ იქაც არ ტარდება არჩევნები, იქაც ოლიგარქიული რეჟიმია, იქაც გამოცხადდა მეფედ სანამ ცოცხალი იქნება პუტინი ხომ? ამიტომ არის მიუღებელი, აბა, მოდიოდეს ცივილიზაცია, დემოკრატიული ფასეულობები რუსეთის ფედერაციიდან.

მე ვფიქრობ, ამერიკის ელჩი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, და ევროკავშირის ელჩი, თუ რა გამოწვევის წინაშე დადგა, შეუძლებელია, აქ არასწორი პოზიციის დაფიქსირება ღალატია ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობებისა, რადგან წყალი უდგება ამ ისტორიულ პროცესს იმიტომ, რომ მე როგორ დავარწმუნო ჩემი ამომრჩეველი იმაში, რაშიც აქამდე ვარწმუნებდი, როგორ ვუთხრა, რომ აშშ-ის ელჩი ამ ქვეყანაში დიახაც არის დემოკრატიის სადარაჯოზე, როდესაც, ჯერჯერობით, მაკლია ის მკაფიო ხმა, რომელსაც უნდა ვიგებდე მისგან. ამით რუსეთის ფედერაციის წისქვილზე ესხმევა წყალი.

დიახაც, მათ ძირგამომთხრელ საქმიანობას ვაძლიერებთ აქ, რადგან როდესაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა, რომ არჩევნები არ ჩატარდა და რომელიღაცა ქვეყნის ელჩი, რომელი სახელმწიფოც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის სტრატეგიულად და ჩვენ მათთვის, მეუბნება მე, რომ არჩევნები ჩატარდა, მაპატიეთ, ეს კიდევ უფრო მძიმე შედეგის გამომღები იქნება, ვიდრე მავანს ჰგონია, ამიტომ ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ჩვენ ვიბრძვით შესაძლებლობისთვის, რომ აქ ოდესმე არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალოს და არ დაემსგავსოს რუსეთს. როცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ირიბად მაყენებს იმ გზაზე, რომ ქვეყანაში არჩევნები არასდროს ჩატარდეს, ამას არასდროს შევეგუები”, — განაცხადა მელიამ მთავარი არხის ეთერში.