დიდუბის ერთ-ერთ უბანზე ამომრჩეველს ხმა მიცემული დახვდა

444

დიდუბეში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მისი და მამის ნაცვლად ხმა მიცემული დახვდა. როგორ მან განაცხადა ორივე გრაფა უკვე ხელმოწერილი იყო. On.ge შეესწრო ფაქტს, როცა მოქალაქე უბანზე აღნიშნულის გამო კომისიის წევრებისგან განმარტებებს ითხოვდა. მას საჩივრის დაწერა შესთავაზეს. თუმცა, მომხდარის გამო ამომრჩეველი ამბობდა, რომ საჩივრის დაწერას აზრი არ ჰქონდა, რადგან მას უკვე ხმის მიცემის შესაძლებლობა აღარ ექნებოდა.

“ასეთ შემთხვევაში გამოსავალი არის ის, რომ საჩივარი უნდა დაიწეროს. შევთავაზეთ საჩივრის დაწერა, რომელზეც უარი განაცხადა. როდესაც მე ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვარ, ადეკვატურად, დავწერდი საჩივარს. არ დაწერა და წაბრძანდა და დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ”, — ამბობს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაკა ფრუიძე.

აღსანიშნავია, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში (ISFED) ინფორმაციით, 12 საათის მონაცემებით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, ხმის რამდენჯერმე მიცემის 1, ხოლო დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის 2 შემთხვევა დააფიქსირეს.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ამასთან, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც.

მეორე ტური ჩატარდა შემდეგ ოლქებში: მთაწმინდა, კრწანისი; ვაკე; საბურთალო; ისანი; სამგორი; დიდუბე-ჩუღურეთი; ნაძალადევი; გლდანი; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი; მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი; რუსთავი, გარდაბანი; ხაშური, ქარელი; ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი; ქუთაისი; ზუგდიდი; ბათუმი; ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.

პირველი ტურის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.