ჩატარებული არჩევნები საშუალებას იძლევა, პოლარიზაცია დასრულდეს და თანამშრომლობა თვითმმართველობის დონიდან დაიწყოს – პრეზიდენტი

492

ჩატარებული არჩევნები საშუალებას იძლევა, პოლარიზაცია დასრულდეს და თვითმმართველობის დონიდან დაიწყოს თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ახლახან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები დასრულდა, თუმცა, რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, ვინაიდან გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც – საზოგადოება.

“რა იქნება ახლა? როგორ და რა ფორმით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, რაც არ მიიღწევა არც ქუჩით, არც დესტაბილიზაციით, არც გაუთავებელი არჩევნების მოთხოვნით, არც ხელახლა მანდატების დატოვებით თუ ბოიკოტით, არც თვითდაჯერებით, არც სიძულვილით, არც მტრის და მოღალატის ხატის შექმნით, არც გამარჯვებულის არაღიარებით, არც დამარცხებულის დამცირებით. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მივიდეთ შედეგამდე, როგორ გამოვიდეთ ამ ჯადოსნური წრიდან?

რეალურად, ჩატარებული არჩევნები ამის საშუალებას გვაძლევს. გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ ქვედა საფეხურიდან, სადაც უფრო ადვილია ისეთ ყოფით საკითხებზე თანამშრომლობის დაწყება, რომლებიც მოქალაქეების ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. ეს არის და უნდა ყოფილიყო ადგილობრივი არჩევნების აზრი და მიზანი”, – განაცხადა პრეზიდენტმა და აქვე, დასძინა, რომ პოლარიზების შემცირებაში მედიას დიდი პასუხისმგებლობა აქვს.

“მნიშვნელოვანია მედია, რომელსაც აკისრია დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მას შეუძლია, ითამაშოს უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოების საზოგადოების დამშვიდებაში და პოლარიზაციის შემცირებაში. თქვენი იმედი მაქვს”, – მიმართა ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს.

პრეზიდენტი თვლის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, ფაქტობრივად, მშვიდად ჩაიარა, ხოლო კანდიდატების შედეგებს შორის დაფიქსირებული განსხვავების შემცირება დემოკრატიული არჩევნებისთვისაა დამახასიათებელი.

“შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად, რამეთუ ინციდენტების რაოდენობა უპრეცედენტოდ დაბალი იყო. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგებით, რაც პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან. ასევე, კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისთვის. ნიშანდობლივია, რომ ცესკოს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა, როგორც პროფესიონალიზმის მაღალი დონე“, – განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილმა ახლადარჩეულ მერებსა და საკრებულოების წევრებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.