DRI: წინასაარჩევნო პერიოდში ენგურის ორივე მხარეს დაძაბულობა იყო, აღნიშნული დაძაბულობა განსაკუთრებით საგანგაშო არჩევნების მეორე ტურის დროს გახდა

512

გალის რეგიონის მცხოვრებლებს ეთნიკური კუთვნილება არასანდო მოქალაქეებად აქცევს აფხაზეთის დეფაქტო მთავრობისთვის, ხოლო „არასასურველი“ პოლიტიკური აქტიურობა – საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რაც განსაკუთრებით ცხადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოჩნდა“, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბულობა იყო ენგურის ორივე მხარეს. აღნიშნული დაძაბულობა განსაკუთრებით საგანგაშო არჩევნების მეორე ტურის დროს გახდა.

„გალის რეგიონის მცხოვრებლებმა, რომლებსაც ყოველდღიური საქმიანობა ან პერიოდული აუცილებლობა აქვთ ზუგდიდში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, აღმოაჩინეს, რომ ენგურის გამშვები პუნქტი აფხაზურ მხარეს ჩაკეტილი ჰქონდა. დეფაქტო მთავრობა კოვიდ ვითარებასთან დაკავშირებული ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა, თუმცა, ბევრი გალელი თვლის, რომ „დროებითი“ ზომა არჩევნებს უკავშირდებოდა. ამ მოსაზრებას აძლიერებს ისიც, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით სიტუაცია არ დასტაბილურებულა, თუმცა ენგურის გამშვები პუნქტი 1 ნოემბრიდან ოფიციალურად გაიხსნა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის დეფაქტო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები კერძო საუბრებში ამბობდნენ, რომ „საზღვრის“ ჩაკეტვის გადაწყვეტილება თბილისის თხოვნით მიიღეს.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საჯარო სერვისების მისაღებად, ბევრი გალელი ზუგდიდშია რეგისტრირებული. ზუგდიდში რეგისტრაცია მათ შესაძლებლობას აძლევს, ჩართულები იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში და თავისი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები გამოიყენონ. გალის რეგიონის მოსახლეობის ამა თუ იმ ქართული პოლიტიკური პარტიის მიმართ ლოიალობის თაობაზე მსჯელობა რთულია. ამის მიუხედავად, გალში ვარაუდობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების გარკვეულ წრეებში, გალელების პოლიტიკური აქტივობა საფრთხედ იქნა აღქმული ზუგდიდში ოპოზიციური ძალების შესაძლო უპირატესობის მოპოვების შიშით. შესაძლოა, სწორედ ამის გამო გაჩნდა მოსაზრება, დაკეტილი „საზღვრით“ შეეშალათ ხელი სავარაუდოდ, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზებისთვის.

ამ მოსაზრებას აძლიერებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები გალის რეგიონის მცხოვრებლებს საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გადაცემას სთხოვდნენ. თუმცა, იმ პირების უმეტესობამ, ვისაც მსგავსი თხოვნით მიმართეს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გადაცემაზე უარი თქვა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები კრიმინალური წარსულით ცნობილი პირები, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ გალსა და მის სოფლებში.

საქართველოს კანონმდებლობა არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს. ენგურის ხიდის ჩაკეტვით, გალელებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელოვნურად ხელის შეშლა საგანგაშოა და საჭიროებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სათანადო განმარტებას – ვინ და რატომ შეუშალა ხელი გალის რეგიონის მცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას არჩევნების პერიოდში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.