“ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მსგავსად, წალენჯიხაში ბინას იყიდის, გადავა იქ საცხოვრებლად და დაეხმარება ოპოზიციის მერობის გამარჯვებულ კანდიდატს ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში. ის მიიჩნევს, რომ ამით ადგილობრივ თვითმმართველობას გააძლიერებს.
ამასთან, ხაზარაძემ მიმართა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ საკუთარი ბიზნესი წალენჯიხაში გადაარეგისტრირონ იმისათვის, რომ მათ მიერ გადახდილი მოგების გადასახადი წალენჯიხაში დარჩეს.
რეალურად, მოგების გადასახადი, ისევე, როგორც, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი, მუნიციპალური გადასახადი არ არის და ის მთლიანად ცენტრალურ ბიუჯეტში მიემართება. ერთადერთი გადასახადი, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში რჩება, ქონების გადასახადია. შესაბამისად, ან ბიზნესს, წალენჯიხის ბიუჯეტის ზრდაში მონაწილეობის მისაღებად, იქ ქონების ყიდვა მოუწევთ, ან პოლიტიკოსებს – ბრძოლა ფისკალური დეცენტრალიზაციისთვის, რომელსაც სამოქალაქო სექტორი და სფეროს ექსპერტები წლებია, ითხოვენ, თუმცა, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში ეს საკითხი ვერასდროს მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ 64 მუნიციპალიტეტიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, სადაც არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციურმა კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა. ხარჩილავა ამბობს, რომ ის “რეალურ თვითმმართველობაზე, დეცენტრალიზაციასა დეოლიგარქიზაციაზე იმუშავებს.