საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს.
“მიუხედვად არაკონკურენტული მეორე ტურისა, პირველი ტურის მსგავასად ამომრჩევლის ნების კონტროლი კვლავ გამოწვევად რჩება. უბნებზე მობილიზებული არიან კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გარემოს ქმნიან. ასევე ორ შემთხვევაში ( ჩუღურეთის ოლქის #10 და რუსთავის ოლქის #45) მათ ხელი შეუშალეს ჩვენს დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ”, — წერს საია ფეისბუქგვერდზე.
დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ამასთან, მეორე ტური გაიმართება ქუთაისის მერობის არჩევნებზეც.
საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნება და საღამოს 8 საათზე დაიკეტება, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება.
მეორე ტური ჩატარდება შემდეგ ოლქებში: მთაწმინდა, კრწანისი; ვაკე; საბურთალო; ისანი; სამგორი; დიდუბე-ჩუღურეთი; ნაძალადევი; გლდანი; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი; მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი; რუსთავი, გარდაბანი; ხაშური, ქარელი; ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი; ქუთაისი; ზუგდიდი; ბათუმი; ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.