“ქართული ოცნების” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და თქვა, რომ ხმა მისცა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. სუბარის განცხადებით, “ხელოვნური კრიზისი” მალე დასრულდება და პარლამენტი მალე შეიკრიბება.
“21 ოქტომბერს ძლიან მკაფიო არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა სტაბილურობის და მომავალი განვითრების სასარგებლოდ და დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველგან, სადაც მეორე ტურია, იგივე არჩევანი განმეორდეს ბუნებრივია. მეც ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. ძალიან მალე ჩაივლის ეს ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობა და საქართველოს პარლამენტი ძალიან მალე შეიკრიბება. მყარი უმრავლესობა აქვს ქართულ ოცნებას და გაგრძელდება ქვეყნის აღმშენებლობა” — აღნიშნა სუბარმა.
დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.
არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.