ოპოზიცია არჩევნების მეორე დღეს საპროტესტო აქციებს აუქმებს. ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა “ლელოს” ოფისში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს.
როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ამით ისინი არჩევნებს სრულ იგნორს უკეთებენ.
რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არჩევნების მეორე ტურის დღეს საპროტესტო ღონისძიებებს გეგმავდნენ. აქციის ფორმებთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერები ლელოს ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში მსჯელობდნენ.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ნებისმიერი აქციის შემთხვევაში მეორე ტურებს პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭება, რის გამოც ერთობლივად მივიდნენ დასკვნამდე, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებენ.
“იმ ახალგაზრდა თაობას, რომელსაც არ უცხოვრია საბჭოთა კავშირში და არ იცის, რა არის საბჭოთა კავშირი, ხვალ ეძლევა უნიკალური შანსი, ერთი დღე იცხოვროს საბჭოთა წყობილებაში. ნახოს, ირჩევდნენ ერთპარტიულ პარლამენტსა და ერთპარტიულ ხელისუფლებას. ხვალ იქნება ერთი დღე, ასე ვთქვათ, მოდელირებული საბჭოთა კავშირის”, — თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველა აქცია შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალურად რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ რაღაც აქცია გამართოს. უდუმაშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ინდივიდუალური გეგმა არ აქვს.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობას და არც პარლამენტში გეგმავს შესვლას.