რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 10 ავტობუსი ქუთაისს გადაეცა.
ათივე ახალი ავტობუსი დღეიდან ჩაერთვება ქალაქის სატრანსპორტო ქსელში და ჩაანაცვლებს ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს – 6 ახალი ავტობუსი იმოძრავებს ე.წ. წრიულ მარშრუტზე (#1), ხოლო 4 ავტობუსი ავტოქარხანა-წითელი ხიდის მარშრუტზე (#4).
მომდევნო წლის გაზაფხულამდე კი ქალაქს ეტაპობრივად გადაეცემა კიდევ 50 ერთეული (მათ შორის, 6 ცალი 83 მგზავრზე გათვლილი) ახალი ავტობუსი. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას გულისხმობს.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, პროგრამა საშუალებას მისცემს ქალაქებს განავითარონ მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.