მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმში კონსტრუქციული მუშაობის გაგრძელებისთვის, რათა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობით, რომელიც გამორიცხავს იმ მანიპულაციებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„როგორც იცით, ჩვენ არ ვასაჯაროებთ მოლაპარაკებების დეტალებს. ჩვენი პოზიცია უცვლელია – მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმში კონსტრუქციული მუშაობის გაგრძელებისთვის, რათა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობით, რომელიც გამორიცხავს იმ მანიპულაციებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ყურადღებით წავიკითხე და მასში აღნიშნულია თითქმის ყველა დარღვევა, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს არჩევნებზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების პირველი პირები სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერს შეხვდნენ. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, ცვლილებებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ და საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ.