გადათვლა არის აბსურდი იმიტომ, რომ რეალურად ისეთი რამე ხდება საარჩევნო უბნებზე და ოქმებში, რომც გაიხსნას ეს უბნები, შეუძლებელია დაინახო ის სურათი, რა ნებაც ქართველმა ხალხმა გამოხატა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება იმას, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების მიღება სრულდება, როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, ცესკოს ნებაც არ გამოუხატავს, რომ მზადაა არჩევნების შედეგების ცვლილებისთვის.
„დღემდე რასაც ვუყურებდით, არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომ ნება მაინც გამოეხატა, რომ ის მზად არის კონკრეტული შედეგების ცვლილებებისთვის. ვუყურებდით, რა ხდებოდა კომისიებში. პრაქტიკულად ჩვენი საჩივრები არც კი განიხილებოდა, პირდაპირ გვერდზე დებდნენ. ალბათ, ანალოგიურად გაგრძელდება ცესკო-შიც ამის განხილვა. მე ამ პროცესისგან არანაირი დადებითი მოლოდინი არ მაქვს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველ რაუნდს, უდუმაშვილის თქმით, მხოლოდ პოზიციების გაცვლა მოხდა და ვინ რა დათმობაზე წავა, მეორე შეხვედრაზე გამოჩნდება.
„რამდენად კონსტრუქციულია ხელისუფლება, ეს გამოჩნდება მეორე რაუნდზე. აქ არ ყოფილა საუბარი, ვინ რა პოზიციას დათმობს, ან ვინ რა კომპრომისზე წასვლისთვისაა მზად. საუბარი იყო მხოლოდ პოზიციებზე, რომელიც აქვს ოპოზიციას და ეს არის ერთიანი და მყარი პოზიცია. “ქართულმა ოცნებამაც” დააფიქსირა თავისი პოზიცია. რა წინადადებით წარდგება და მზად არის თუ არა ხელისუფლება გარკვეულწილად დათმობაზე წასვლისთვის, ეს გამოჩნდება მეორე რაუნდზე“, – განაცხადა უდუმაშვილმა.