ფონდი „ქართუს“ დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში მდებარე თუშმალიშვილების საგვარეულო კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
„სარესტავრაციო პროცესის მსვლელობისას, რომელიც შპს „შენება+“-მა შეასრულა, კოშკს მოეხსნა ძველი, დაზიანებული ქვის საპირე წყობა და გადაეწყო ახალი; მეორე და მესამე სართულზე გაკეთდა ქვის გადახურვები და კიბეები; პირველ სართულზე გამაგრდა კარის ჭერი; შესასვლელი კარის თავზე შიდა მხრიდან ამოივსო ბზარები; მოეწყო აგურის არშიები კარის და ფანჯრის ღიობებზე; აგურით მოეწყო ჯვრები და რომბები; მეორე სართულზე გაკეთდა აგურის ჭერი რომბებით და შიგნიდან მოხდა გარეთა კედლის ბზარის გამაგრება,; ხოლო მესამე სართულზე იატაკი ამოივსო მსუბუქი ინერტული მასალით; სახურავზე ხის კოჭები დამუშავდა ანტისეპტიკური და ცეცხლგამძლე ხსნარებით; მოეწყო წყალსაწრეტი მილები, ხოლო ძაბრები მოეწყო კახური კრამიტით; კოშკს გაუკეთდა ქონგურები; აშენდა ერთი სალოდე, ხოლო ორი სალოდე შეკეთდა და გამაგრდა; სახურავზე მორყეული ქონგურები გამაგრდა; კედლების ზედაპირები ამოივსო კირ-დუღაბის ხსნარით.
სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მონიტორინგით წარიმართა.
თუშმალიშვილების საგვარეულო კოშკი XVIII საუკუნეშია აგებული“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.