კაპანაძე: გახარიას განცხადებას, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები და არ უნდა დარჩეს მხოლოდ განცხადებად

368

წინა სტატია

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ამ განცხადებებს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები და არ უნდა დარჩეს მხოლოდ განცხადებებად.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, დიალოგის ინიციატორები თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლები არიან და დიალოგი უნდა იყოს კონკრეტულ თემაზე, ახალ არჩევნებზე.

„გახარიას განცხადებას უნდა მოყვეს კონკრეტული ნაბიჯები და საქმე და არ უნდა დარჩეს მარტო სადღეგრძელოდ, როგორც ხშირად გვსმენია ხოლმე გახარიასგან და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისაგან. მოწოდება დიალოგზე იყო ოპოზიციის მხრიდან და ახლა მესმის, რომ გახარიას, კალაძეს და სხვებს უნდათ, ისე წარმოაჩინონ, რომ თვითონ არიან ამ დიალოგის ინიციატორები. 8 ნოემბერსვე, დიდ მიტინგზე, ოპოზიციამ დააყენა ასე საკითხი, რომ კონკრეტულ თემაზე, შემდგარიყო დიალოგი ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და ჯერ კიდევ ველით კონკრეტულ ნაბიჯებს.

ამიტომ, თუ გახარიას მართლა გულწრფელად ჰგონია, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის დიალოგი, ეს ადვილად გამოჩნდება თუ ისინი წამოვლენ დიალოგზე და ამ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც არის შექმნილი, განმუხტავს ამ დიალოგში მონაწილეობით და კონკრეტულ შეთანხმებებზე წამოსვლით. მანამდე ამ განცხადებებს და ამ სიტყვებს ფასი არ აქვს, ისევე როგორც ბევრ სხვა განცხადებას და სიტყვას, რომლებსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ლიდერები ისვრიან ხოლმე,“ – განაცხადა კაპანაძემ.

“დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს, ესაა თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მან პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ბედი ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს.