სახელმწიფო დეპარტამენტი: მაიკ პომპეო თბილისში შეხვედრებს გამართავს, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების კუთხით პროგრესის მიღწევისკენ

429

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, მაიკ პომპეო თბილისში შეხვედრებს გამართავს, რათა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გამოხატოს.

„თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების კუთხით შემდგომი პროგრესის მიღწევისკენ. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს“, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს გარდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 13-23 ნოემბერს საფრანგეთს, თურქეთს, ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და საუდის არაბეთსაც ეწვევა.