ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყველაფერს ხედავენ, მათ ვესაუბრე პერსონალურ სანქციებზე და ასე თუ გააგრძელებს, ივანიშვილი ვერ აცდება მკაცრ სასჯელს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მელიას თქმით, ძალიან გულახდილად ისაუბრა აქციებზე, ასევე იმაზე, რომ არჩევნები არის პრაქტიკულად გაუქმებული; რომ საზოგადოებას დაკარგული აქვს ნდობა არჩევნებისადმი, რაც ძალიან ცუდია. მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაფერი ერთ ადამიანს ექვემდებარება.
„უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, გვაქვს ოლიგარქიული წესწყობილება თუ გვაქვს დემოკრატიული წესწყობილება, ორივე ერთად უბრალოდ ვერ გექნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყველაფერს ხედავენ.
„შედგა ძალიან გულახდილი, მეგობრული საუბარი. მერწმუნეთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყველაფერს ხედავენ, როგორც არასოდეს, თუნდაც უფრო მკაფიოდ ხედავენ განსაკუთრებით ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი ქმედების შემდეგ სურათს, ფართო სურათში ხედავენ პროცესს, ვიდრე ბევრს, მათ შორის ახლა რომ მიყურებს „ქართული ოცნების“ არ ვიცი, იქ ვინ არის, წარმომადგენლები თუ ლიდერები, ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაქცია და რეაგირება და დაინახავენ.
ჩემი აზრით, სტრატეგიული პარტნიორები, განსაკუთრებით ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელთაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აქვთ უზარმაზარი პოლიტიკური, ფინანსური ინვესტიცია განხორციელებული საქართველოში, რომ დემოკრატიული პროცესები ვითარდებოდეს და არა პირიქით, არ დაუშვებს, სადღაც გადავარდეს ქართველი ხალხი; აქ საუბარი არ არის, რომელიმე კონკრეტულ პარტიას ან ოპოზიციას რომ დაუჭიროს მხარი, იმ პროცესს უნდა დაუჭიროს მხარი და დაუჭირონ აუცილებლად, დემოკრატიულს რომელსაც ისინი უჭერენ 30 წელზე მეტია; ამაში მინდა, დავარწმუნო ყველა. შეთანხმებული არის ცივილიზებული სამყარო და თუკი გვაკლია ეს მკაფიო განცხადებები ჩვენ დღეს, მკაფიო განცხადებები გაკეთდება. არ შეიძლება იმ ქვეყანაში, სადაც სხვა პროგრესი შეიმჩნეოდა წლების წინ, უცბად გახდეს მყარად ოლიგარქიული რეჟიმი და ამაზე არ ჰქონდეთ ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს.
ხელისუფლებისთვის, მიუხედავდ იმ თავხედობისა, რასაც იჩენს, უმნიშვნელო არ არის, რა ითქმევა ვაშინგტონში; მათთვის უმნიშვნელო არ არის, რა ითქმევა ევროპის წამყვან დედაქალაქში. ჯერჯერობით არ არის უმნიშვნელო და სანამ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, შესაბამისი ქმედებები აუცილებელი არის. ამ ყველაფერზე მე პირადად მქონდა მეგობრებთან ერთად საუბარი და მერწმუნეთ, ასე გაგრძელდება? რეაქციაც, ნაბიჯებიც იქნება შესაბამისი. ავუხსენი ყველაფერი, დეტალებში ვერ მოვყვები, შეუძლებელი არის გულხელდაკრეფილი უყურებდეს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს და ხედავდეს, როგორ ეფლობა ღრმად ოლიგარქიულ ჭაობში, შეუძლებელი არის. იმ სახელმწიფოს ადმინისტრაცია ამ პროცესს გულხელდაკრეფილი ვერ შეხედავს, რადგანაც უდიდესი პოლიტიკური და ფინანსური ინვესტიცია აქვთ განხორციელებული, რომ ქართველი ერი დემოკრატიული ფასეულობების და ღირებულებების განმავითარებელი ყოფილიყო და არა პირიქით, ღარიბაშვილისა და ივანიშვილის მსახურები გამხდარიყო ყველა საჯარო მოხელე“, – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიამ ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი პერსონალურ სანქციებზე.
„პერსონალურ სანქციებზე იყო ჩემი მხრიდანაც და მეგობრების მხრიდანაც საუბარი, იყო და ვამბობ იმ დოზით, რა დოზითაც მე ახლა შემიძლია საუბარი, ასე გააგრძელებს და როგორც ჩანს, გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ვერ აცდება იმ მკაცრ სასჯელს, რომელსაც სანქციას ვუწოდებთ ჩვენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძლავრი საპროტესტო მოძრაობა უნდა შენელდეს; პირიქით, ითქვა გუშინ, დღეს ყოველდღე მძლავრი საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება სხვადასხვა საპროტესტო აქციებით, სხვადასხვა შინაარსის, სხვადასხვა ფორმის, დღეში რამდენიმეჯერ, ვიდრე არ დაბრუნდება მიტაცებული სახელმწიფო, არ დაბრუნდება მოპარული არჩევნები და პირველ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი; მათ შორის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი. არ არის სახუმარო ვითარება ამ ორ ადამიანთან მიმართებაში, ამ ორი ადამიანის ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ამაზეც გვქონდა მეც და მეგობრებსაც საუბარი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.