სანქციები იარაღია… დაწესებამდე არ ვაცხადებთ, ვითარებას ახლოდან ვაკვირდებით – სახელმწიფო დეპარტამენტი 5 ივლისზე

295

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი მბობს, რომ ყველა ქართველმა და ოფიციალურმა პირებმა უნდა დაგმონ 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობა. პრაისმა ამის შესახებ ყოველდღიურ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც მას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვეს კითხვა.

როგორც პრესსპიკერმა თქვა, ისინი ყურადღებით აკვირდებიან ინფორმაციას ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით:

“ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და ძალადობის შეჩერებისკენ, რომელმაც ამ შემთხვევაში უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი”.

პრაისის თქმით, უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ ის პირები, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებს, ასევე, ვინც ახალისებდა ძალადობას.

“ჩვენ შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებასა და სამართალდამცავებს პასუხისმგებლობას დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობენ, ჩვენ ვახსენებთ მათ პასუხისმგებლობას დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც პრესის თავისუფლებით სარგებლობენ და მოვუწოდებთ ყველა ქართველს, მათ შორის ოფიციალურ პირებს, საჯაროდ დაგმონ მსგავსი ტიპის ძალადობა, რომლის ადგილიც დემოკრატიაში არაა.

ამაყად განვაგრძობთ ძალისხმევას მსოფლიოს გარშემო, რომ დავიცვათ ლგბტქი+ ადამიანები ძალადობის, დისკრიმინაციის, კრიმინალიზაციისა და სტიგმისგან. ვცდილობთ გავაძლიეროთ ლგბტქი+ მოძრაობები და ადამიანები.  კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტქი ჯგუფების წინააღმდეგ და ასეა ამ შემთხვევაშიც. ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის მიმართ, რომელიც გარდაცვლილია”, – განაცხადა ბრიფინგზე პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ჰკითხეს, რომ არის საუბრები პერსონალური სანქციების გატარების შესახებ იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 5-6 ივლისის ძალადობაზე. ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ სანქციები ერთ-ერთი ხერხია იმ პირების პასუხისგებაში მიცემისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებს უგულებელყოფენ. რაც შეეხება საქართველოს, იგი ამბობს, რომ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან, პოლიტიკურ აქტორებს კი მოუწოდებენ, დაგმონ აღნიშნული ძალადობა. ხელისუფლების შემთხვევაში კი, მათგან სათანადო გამოძიებას მოელიან.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე გუშინ დაკრძალეს. მანამდე ის კოლეგებმა სახლიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს. ოპერატორებმა მას სიმბოლურად ვიდეოკამერების დერეფანი გაუკეთეს.

TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.

ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5 ივლისს 53 ჟურნალისტი დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 — TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.