აშშ განაგრძობს 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები , – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რიგაში დაგეგმილი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
,,აშშ განაგრძობს 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამა ასახავს მათი ნატო-სკენ მიმავალი გზის დეტალებს“ , – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო და უკრაინა ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორები არიან.
,,საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან ,,გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის“ (EOP) წევრები, რაც აძლიერებს მათ თავსებადობასა და სასწავლო შესაძლებლობებს ნატოს მოკავშირეებთან ერთად“, – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ნატო-ს ლიდერები ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულები რჩებიან, რომელიც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს აძლევს წევრობის შესაძლებლობას, თუკი ეს ქვეყნები იზიარებენ მათ ღირებულებებს და აუცილებელ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს ასრულებენ.
საგარეო საქმეთა მინისტერიალი 30-1 ნოემბერს, რიგაში ჩატარდება. შეხვედრის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც მიიღებს.