აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მივესალმებით 19 აპრილს საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას, მისი განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება

493

წინა სტატია

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერას მიესალმება და მზადყოფნას გამოხატავს, ქვეყანას შეთანხმების საბოლოო მიზნის მიღწევაში დაეხმაროს.

„ჩვენ მივესალმებით 19 აპრილს საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას. კეთილსინდისიერების ეს ნიშანი მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. მისი განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება. ერთგული ვრჩებით, დავეხმაროთ საქართველოს, რომ ამ შეთანხმებამ თავის მისწრაფებებს მიაღწიოს,“- წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი „ტვიტერზე“.

“ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი გუშინ, 19 აპრილს მოაწერა.

მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ.

ხელისუფლების მხრიდან – პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ” და “ლეიბორისტულმა პარტიამ”.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი – 0%-დან 2%-მდე.
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.