ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი “ქართული ოცნების” მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას Twitter-ზე გამოეხმაურა. პრაისი წერს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან შეთანხმებიდან გასვლა, ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარებას ძირს უთხრის და პოლიტიკური კრიზისის საფრთხეს ქმნის.
“ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის. მოვუწოდებთ ყველა პარტიას იმუშაონ ერთად, რომ ხელი შეუწყონ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”,– წერს ნედ პრაისი.
ცნობისთვის, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა. დოკუენტის ანულირებით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე – არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “მათ კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.